„თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ხალხის რეალური ძალა, ის, „რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში“.
საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას „გამარჯვება მიულოცა“ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ხალხმრავალი პროტესტის მერე გაიწვია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტები. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ახლა კი, პარტნიორების სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის და პირველი ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების ამით შესრულებულია.