სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს, ეს უკვე აღარ არის ცარიელი ვეტო

„ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას „გამარჯვება მიულოცა“ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ხალხმრავალი პროტესტის მერე განაცხადა ე.წ. უცხოური აგენტების თაობაზე კანონპროექტების გაწვევის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ახლა კი, პარტნიორების სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის და პირველი ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების ამით შესრულებულია.

„ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმიერ კანონს და ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს და ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც ჩვენ სწორედ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს.

მე აქ ვარ ამერიკაში და მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, რომ ჩვენ გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს.

მე ვარ თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენს გვერდით!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.