ახლა ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.
ელჩის თქმით, „ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა“.
„ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომლებიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს.
საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს - სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება.
საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე", - განაცხადა კელი დეგნანმა.