ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ევროპულ გზაზე კარებში გაეჩხირებიან - ხაბეიშილი

ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ევროპულ გზაზე კარებში გაეჩხირებიან და გააკეთებენ ყველაფერს, რომ სტატუსი არ მივიღოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს: თამუნას, ლიკას, მაკას გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება და დააიდენტიფიცირებს, დააანონსა რეპრესიები. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ჩუჩელა, გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ამ „საქმენი საგმირონის“ უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი.

ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება. გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლებთ, არავინ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს. გუშინ ამ სათამაშო ჩუჩელამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონებს და კი არ გაიაზრეს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, რუსული, ხელს უშლიან ჩვენს ევროპულ მომავალს, უბრალოდ, ტაქტიკურად უკან დავიხიეთო, თორემ ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ევროპული გზა გვაინტერესებსო.

მეტიც, მერე მოყვა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებების ლანძღვას, ევროპარლამენტარების ლანძღვას და მოუწოდა, რომ თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ და ჩვენ რომ რუსეთში მიგვყავს ეს ხალხი, ნუ ერევით ამ საქმეშიო", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები სტუდენტებს იყენებენ.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს.