პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა

პრორუსული ორიენტაციის, „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

მანამდე, აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა წამოაყენეს: „ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი"; 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ; „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი მტკიცებით, „გადატრიალებას აორგანიზებდნენ".

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც სანქცია წესდება ოფიციალური სიმბოლოების შებღალვისთვის, 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, ასეთი ქმედების ჩამდენი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

„ევროკავშირის, NATO-ს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე, იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით“.

ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით ან - ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, ბადრი ჯაფარიძე.

ამ ინიციატივას 6 ივლისს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა უძღოდა წინ. იმჟამინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ 7 ივლისს, პარლამენტთან დროშა თავად აღმართა.

ასევე გაეცანით