პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით

პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია, ხშირად სწორედ ეროვნული იდენტობის, ფასეულობების, ,,ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების სახელით“ წარმოებს. ეს ყველაფერი სამიზნე ჯგუფებად ქცეულ გულუბრყვილო მოქალაქეების ემოციებსა და პატრიოტულ მოტივებზეა გათვლილი.

ასეთი ფსევდო მედიების და დაჯგუფებების ლუსტრაციისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი. ეს ძალები ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტები არიან და რუსეთი სწორედ ამ საინფორმაციო ომს იყენებს და ამით ებრძვის ინვესტიციებს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, პროგრესს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში.

რამდენიმე დღის წინ, Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამოცემა Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი წაშალა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წაიშალა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამის ანგარიში. Alt-info კი ამ ეტაზე დაბლოკილია ფეისბუქზე. Facebook-ის განცხადებით, ქსელის ნაწილის იდენტიფიცირება ISFED-ის საჯარო ანგარიშების საფუძველზე მოხდა. „ევროპათაიმმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასება რამდენიმე ექსპერტს და მკვლევარს ჰკითხა.

ამერიკის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, გივი გიგიტაშვილი:

„ფეისბუქმა“ წაშალა გვერდები, მომხმარებლები და ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობდნენ იმისთვის, რომ შეცდომაში შეეყვანათ მომხმარებელი. მაგალითად, იყო გვერდები, რომლებსაც თავის დროზე ჰქონდათ გასართობი სახის სათაურები, რომლის მომხმარებელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი აპოლიტიკური ადამიანი. ეს გვერდები შექმნილია წლების წინ (2013-1015წწ.), მოგვიანებით კი, ისინი სამართავად გადაიბარა ალტ-ინფომ და დაიწყო საკუთარი კონტენტის გავრცელება, რაც თავისთავად არის „ფეისბუქის“ წესების დარღვევა.

ამ გვერდების სამართვად გამოყენებული იყო ყალბი ანგარიშები, რაც ასევე „ფეისბუქის“ წესების დარღვევაა და მესამე, გაუქმდა ჯგუფები, სადაც ამ ყალბი ანგარიშების მეშვეობით, ეს გვერდები ვრცელდება.

ალტ ინფო აცხადებს, რომ ფეისბუქმა წაშალა ისინი, რადგან ისინი ავრცელებდნენ ანტილიბერალურ კონტენტს, თუმცა, „ფეისბუქი“ არ არის ცენზორი და ისინი წაიშალა „ფეისბუქის“ წესების დარღვევსთვის. რაც შეეხება თავად ალტ-ინფოს, ისინი აცხადებენ, რომ კონსერვატიულ-მემარჯვენე იდეოლოგიის გამტარებლები არიან და მანიპულირებენ ისეთი ინფორმაციებით, რომელიც სრულად სიმართლე არ არის, თუმცა მასში არის რაღაც სიმართლის მარცვალი.

ავრცელებენ დეზინფორმაციას, პრორუსულ ნარატივებს შენიღბული ფორმით, რადგან ღიად ამის დაფიქსირება, წამგებიანი პოზიციაა. ყოველივე ეს პირდაპირ ემსახურება კრემლის ინტერესებს.

რას ავრცელებდნენ კონკრეტული გვერდები: 1. ეს იყო ანტისაემიგრაციო პოლიტიკა, თუ როგორ იწვევს ევროპა ადამიანების გადაგვარებას.

2. ანტინატოს პოლიტიკის გაღვივება საზოგადოებაში, თუ როგორი უიმედოა ნატოსკენ სწრაფვა.

3. სიძლვილის ენა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების წინააღმდეგ. თუ როგორ პატივს არ სცემენ ამ კატეგორიის ადამიანებს და როგორი მეორეხარისხოვნები არიან ისინი საზოგადოებისთვის.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, ზვიად აძინბაია:

„ალტ-ინფოს“ შემთხვევაში, ძალიან გავრცელებული მეთოდებია გამოყენებული. უმცირესობების თემა, ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების თემების აქტუალიზაცია, რაც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გავრცელებული მეთოდია. ამდენად რამე უნიკალურ გზებს ისინი არ იყენებენ. რაც შეეხება იმას, რამდენად საფრთხის შემცველია, რა თქმა უნდა, საფრთხილოა.

ცივილიზებული სახელმწიფოს პირობებში, ეს ხალხი განსაკუთრებული და გაზრდილი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს აყვანილი უსაფრთხოების სამსახურების მიერ. უნდა გაცხადდეს მათი დაფინანსების წყაროები და მათი რეალური მოტივები, მართლა გულრწფელად აკეთებენ თუ არა მსგავს რამეს, რადგან როგორც წესი, ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება, ან თუნდაც მესიჯინგი და გარკვეული აქტიურობა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

რამდენად დებს შედეგს პროპაგანდა, ძალიან ძნელი გასაზომია ხოლმე. თუმცა პროპაგანდის შედეგი აისახება ქცევის ან დამოკიდებულების ცვლილებაში. ჯერჯერობით არ ვიცით, რას გამოიწვევს, მაგრამ გამეორების შემთხვევაში, პროპაგანდას სჩვევია ნეგატიური შედეგი. აჭარაში თუ სხვა ნებისმიერ რეგლიგიურ უმცირესობებში, რელიგიური ან ეთნიკური შუღლის გაღვივება ან მცდელობა, თავისთავად საფრთხის შემცველია. სახელმწიფომ მყისიერად უნდა იმოქმედოს და ხელი შეუშალოს მომავალში მსგავსი წარმონაქმნების საქმიანობას, როგორიც „ალტ-ინფოა“.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, გვანცა აბდალაძე:

პრორუსული ჯგუფები და მედია, (როგორიც იყო Facebook-ის მიერ წაშლილი „ალტ-ინფო“ და მასთან დაკავშირებული ე.წ სააგენტოები) აქტიურია მთელ საქართველოში, თუმცა მათი ძალისხმევა განსაკუთრებით აქტიურია თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი), რაც კიდევ დამატებით პრობლემებს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ, რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ნებით თუ უნებლიეთ საბჭოთა თაობა და ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურა უფრო ხშირად ემსახურებოდა. ბოლო წლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პრორუსული იდეოლოგიის გამავრცელებელ ჯგუფებში ახალგაზრდობის მოზიდვისთვის, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ.

რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ ამ საფრთხეებისგან თავის დასაცავად? - სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება აქვს, საგარეო საფრთხეების შემცველი საქმიანობა აღკვეთოს ან შეზღუდოს კანონიერი მეთოდებით; სამოქალაქო სექტორმა უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს რუსეთის ბასრი ძალის გამოაშკარავება; რიგითმა მოქალაქემ კი საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: რა არის პატრიოტიზმი? რუსეთის სახელმწიფო ინტერესის მსახურება თუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის?

ვისი პატრიოტობა გვაქვს გადაწყვეტილი? „ურწმუნო თომას“ სინდრომით შეპყრობილმა ჯგუფებმა კი უნდა დასვან კიდევ უფრო მარტივი შეკითხვა: მძლავრი მედია კამპანიების წარმოება დიდ ძალისხმევასთან და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვინ იხდის ამდენ ფულს მათ იდეოლოგიურ გაბრუებაში და რატომ? ჩვენ ვცხოვრობთ პარადოქსულ საუკუნეში, სადაც ხშირად Facebook-ი უფრო ეფექტურად ახერხებს, დაეხმაროს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, განათლების სიტემა და სამოქალაქო საზოგადოება.