საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს.
„მინდა, გამოვეხმაურო დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული.
რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.