ისლანდიის პრემიერი უკრაინას ეწვია

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი 14 მარტს კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაკობსდოტირს ისლანდიის მხრიდან უკრაინისადმი პოლიტიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, რასაც კიევი რუსეთის შეჭრის დღიდან გრძნობს. 

რაც შეეხება ომის შემდგომ რეკონსტრუქციას, ზელენსკიმ დადებითად შეაფასა ისლანდიის გამოცდილება მწვანე ენერგიის სფეროში და გამოხატა თავისი ოპტიმიზმი, რომ ისლანდიური ბიზნესი მწვანე ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებით დაინტერესდება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისლანდია ასევე დგამს ნაბიჯებს, რომ ჰოლოდომორი გენოციდად ოფიციალურად აღიაროს.