თეგი: ისლანდია

ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი: ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდა ისლანდიაში საქართველოს ელჩი, ნატა მენაბდე. შეხვედრის შემდეგ, ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა Facebook-ის  გვერდზე დაწერა, რომ ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. „საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო.  როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, საქართველოს მოსახლეობის 80%, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. ეს არის ქართველი ერის არჩევანი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების და თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. კარგად გვესმის საქართველოს ეს პოზიცია და მტკიცედ ვუჭერთ მას მხარს. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი მიიღებს საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილებას. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება წაახალისებს ყველა იმ დასავლურ სახელმწიფოს, რომელსაც სურს იბრძოლოს   პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ამავდროულად, ეს არის მკაფიო გზავნილი იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ახლა რუსეთისთვის ძალიან სიმბოლურია. რაც უფრო მეტნი ვიქნებით NATO-სა თუ ევროკავშირში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ერთად. ისლანდიას, როგორც NATO-ს დამფუძნებელ ქვეყანას შეუძლია აიღოს მკაფიო ვალდებულება და ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლანდია თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს NATO-ს ივნისის სამიტზე და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს. ბევრი რამ დგას სასწორზე“, - წერს ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი,  ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირი Facebook-ის  გვერდზე.

დანიის F16 ტიპის გამანადგურებლები ისლანდიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ

დანიის F16 ტიპის თვითმფრინავები კეფლავიკის (ქალაქი რეიკიანესის ნახევარკუნძულზე სამხრეთ–დასავლეთის ისლანდიაში) საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ. NATO-ს უწყვეტი მისიის ფარგლებში, ისლანდიის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დაცვით მიზნით, საჰაერო პატრულირება იწყება. მისიაში ჩართულია ისლანდიის სანაპირო დაცვა. დანიის რაზმი ისლანდიის სანაპირო დაცვასთან ერთად იმუშავებს და სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქნება მზადყოფნაში.ეს არის რიგით მეხუთე დანიური გამანადგურებელი თვითმფრინავის განლაგება ისლანდიაში 2009, 2010, 2015 და 2018 წლებში განლაგების შემდეგ. მომზადებულია ალიანსის წყაროებზე დაყრდნობით  

საქართველომ ისლანდია ანგარიშით - 88:85 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ისლანდიაში მსოფლიო ჩემპიონატის, შესარჩევ ეტაპზე, გადამწყვეტი მატჩი ჩაატარა. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ისლანდიის ნაკრები ანგარიშით 88:85 დაამარცხა. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდებოდა ისლანდიის დამარცხება, რადგან ჯგუფიდან გამსვლელ მესამე ადგილს სწორედ ისლანდიელები იკავებდნენ. პირველ-მეორე ადგილებზე იტალია-ესპანეთი არიან.  

ისლანდიის პრემიერი უკრაინას ეწვია

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი 14 მარტს კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაკობსდოტირს ისლანდიის მხრიდან უკრაინისადმი პოლიტიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, რასაც კიევი რუსეთის შეჭრის დღიდან გრძნობს.  რაც შეეხება ომის შემდგომ რეკონსტრუქციას, ზელენსკიმ დადებითად შეაფასა ისლანდიის გამოცდილება მწვანე ენერგიის სფეროში და გამოხატა თავისი ოპტიმიზმი, რომ ისლანდიური ბიზნესი მწვანე ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებით დაინტერესდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისლანდია ასევე დგამს ნაბიჯებს, რომ ჰოლოდომორი გენოციდად ოფიციალურად აღიაროს.  

ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა. ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

ისლანდია უკრაინისთვის ნავთობის გადამზიდავ სატვირთო მანქანებს შეიძენს

ისლანდია უკრაინის არმიისთვის ნავთობის გადამზიდავ 10 სატვირთოს შეიძენს. ამის შესახებ Euractiv-ი წერს. „რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით უკრაინის მთავრობის მხარდაჭერაზე მათი სურვილისა და საჭიროებების და ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად“, - აცხადებენ ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ისლანდიის მთავრობის განცხადებით, ნავთობის ტრანსპორტირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის არმიის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მობილურობისთვის მაშინ. როცა უკრაინის მთავრობას სურს, რომ მეგობარი ქვეყნები უზრუნველყოფდნენ ასეთი მანქანებით. „ჩვენ არ ვაწვდით უკრაინის არმიას იარაღს ან სხვა სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ შეგვიძლია, შევიტანოთ წვლილი ნავთობის ტანკერების მიწოდებით“, - განმარტეს სამინისტროში. ისლანდიის ამ დახმარების ჯამური ღირებულება 400 000 ევროს შეადგენს. ისლანდიას აქვს დიდი ხნის პოლიტიკა, რომლის მიზანია, არ მიჰყიდოს იარაღი სხვა ქვეყნებს. ის ინარჩუნებს მცირე სანაპირო დაცვას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია მისი ტერიტორიული წყლების დაცვასა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებაზე.    

ისლანდია მოსკოვში საელჩოს ხურავს

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა, რათა მოსკოვში ისლანდიის საელჩოს დახურვის შესახებ ეცნობებინა. გადაწყვეტილება პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ისლანდიამ ასევე მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას, „შეამციროს რეიკიავიკში საქმიანობის მასშტაბები“ და შეამციროს დიპლომატიური მისიის სტატუსი. ამასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას. ისლანდია იმუშავებს საელჩოს ხელახლა გახსნაზე. „დღევანდელი ვითარება უბრალოდ არ იძლევა საშუალებას, რომ ისლანდიის მცირე დიპლომატიურ სამსახურს ჰქონდეს საელჩო რუსეთში. ვიმედოვნებთ, რომ პირობები ოდესმე მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს ნორმალური და ნაყოფიერი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ეს დამოკიდებულია კრემლის გადაწყვეტილებებზე“, - ნათქვამია ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთში ისლანდიის საელჩო 1944 წლიდან (გარდა 1951-1953 წლებისა) ფუნქციონირებს, მაგრამ ახლა რუსეთთან სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ისტორიულ დაბალ დონეზეა.   

რეიკიავიკმა რუსეთის საგარეო უწყებას ოფიციალურად აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან ისლანდია რუსეთში საელჩოს ხურავს

ისლანდიის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან მოსკოვში საელჩო მუშაობას აჩერებს. რუსული მედიის ინფორმაციით, საქმეთა დროებითი რწმუნებული რეიკიავიკიდან განაგრძობს მოვალეობის შესრულებას. მედიაში 9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლანდია მოსკოვში საელჩოს ხურავს. ისლანდიამ ასევე მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას, „შეამციროს რეიკიავიკში საქმიანობის მასშტაბები“ და შეამციროს დიპლომატიური მისიის სტატუსი. ამასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას. ისლანდია იმუშავებს საელჩოს ხელახლა გახსნაზე. „მოცემულ მომენტში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა ჩვენი სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან. ამიტომ საელჩოს მუშაობის გაგრძელება გაუმართლებელია," ნათქვამი იყო ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტორდის გილფადოტირი აღნიშნავდა, 1944 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან, ისლანდია რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ კავშირებს ინარჩუნებდა. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ოდესმე პირობები რუსეთს და ისლანდიას საშუალებას მისცემს, განაახლონ ნორმალური და ნაყოფიერი ურთიერთობა. „მაგრამ ეს კრემლის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული", - განმარტა გილფადოტირმა. რუსეთში ისლანდიის საელჩო 1944 წლიდან (გარდა 1951-1953 წლებისა) ფუნქციონირებს.  

ისლანდიამ მოსკოვში საელჩო დღეიდან დახურა

მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა პირველი აგვისტოს შემდეგ შეწყვიტა. საელჩოს შენობაზე ყველა საინფორმაციო ნიშანი მოხსნეს და ქვეყნის დროშა ჩამოხსნეს. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლების თქმით, შენობა სამი დღის წინ დაიცალა. ვრცვლად წაიკითხეთ: ისლანდია მოსკოვში საელჩოს ხურავს  

გერმანია ისლანდიაში მოიერიშე თვითმფრინავებს გზავნის

გერმანიის საჰაერო ძალებმა, ისლანდიაში წვრთნების ჩასატარებლად, (Rapid Viking 2023) მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნეს. სწავლება პირველ აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს სრულდება.NATO-ს ცნობით, სწავლება აჩვენებს გერმანიის მზადყოფნას და უნარს, სწრაფად განათავსოს საჰაერო ძალები ნებისმიერ ადგილას.  

ისლანდიაში ვულკანის აქტივობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისლანდიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მიწისძვრების სერიამ ვულკანის ამოფრქვევის შიში გამოიწვია. ისლანდიის მეტეოროლოგიურმა ოფისმა (IMO) განაცხადა, რომ  რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ან მის მახლობლად, ვულკანის ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკი არსებობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა შეიძლება, ნებისმიერ დროს ან უახლოეს დღეებში დაიწყოს. ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. დედაქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ გრინდავიკიდან 4000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. რეიკიანესის ნახევარკუნძული სეისმურად ყველაზე აქტიური ტერიტორიაა ისლანდიაში. მიწისძვრები 2022 წლის აგვისტოში და მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა.  

ისლანდია უერთდება ორ კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად

ისლანდიამ განაცხადა, რომ შეუერთდება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში IT და ასევე, განაღმვის მიზნით შექმნილ კოალიციას. შესაბამისი განცხადება ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ორ კოალიციაში გაწევრიანების გარდა, ისლანდიამ ასევე გამოაცხადა დამატებითი 340 ათასი ევროს გამოყოფის შესახებ, როგორც NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილი უკრაინისთვის, სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. „IT და განაღმვის კოალიციაში შეერთებით და უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტისთვის დამატებითი დაფინანსებით, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის არალეტალური მხარდაჭერას, რადგან ის ებრძვის რუსეთის უსამართლო და უკანონო შეჭრას,“ - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რამშტეინისთვის IT კოალიცია ესტონეთმა და ლუქსემბურგმა შექმნეს. მასში ამ ორი ქვეყნის გარდა ასევე შედიან ბელგია, დანია, ისლანდია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა და იაპონია. ლიეტუვამ განაღმვის კოალიციის შექმნის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ის ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ისლანდია უკრაინას უწევს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების მხარდაჭერას, ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, გაეროს, მსოფლიო ბანკისა და NATO-ს მეშვეობით. გასულ თვეში ესტონეთმა და ისლანდიამ უკრაინას კიდევ ერთი სამხედრო საველე ჰოსპიტალი გადასცეს.  

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ სახლებამდე მიაღწია

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. როგორც Reuters-ი წერს, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას "დიდი და სერიოზული შოკი” უწოდა. ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკთან ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. სეისმური აქტივობა ღამით გაძლიერდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.  

ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

თბილისს ხვალ, 5 მარტს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვევა. ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება. ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცე - პრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება. თბილისში ვიზიტისას ისლანდიის პრეზიდენტის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს. ისლანდიის პრეზიდენტი: გილოცავ საქართველო. იმედი მაქვს, ოდესმე თქვენს ქვეყანას ვეწვევი  

ისლანდიის პრეზიდენტი თბილისში: გავიაზრეთ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ

თბილისში ვიზიტითმყოფმა, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ისლანდია მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან. იოჰანესონის განცხადებით, მიესალმება საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი ოცნება, საქართველოში ჩამოვსულიყავი. პირველად ქართველ ხალხს 1990 წელს შევხვდი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მე ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვასწავლიდი და იქ ქართველ სტუდენტებს შევხვდი. ამ დღის შემდეგ ჩემი ოცნება იყო საქართველოში სტუმრობა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. ყველა ის ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მიერ იქნა განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ საქართველოს სრულებით ვუჭერთ მხარს. ასევე მივესალმებით საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ. ისლანდია და საქართველო ძალიან პატარა ქვეყნები გახლავთ, შესაბამისად, აუცილებელია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო კანონი იქნას პატივცემული. ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესთავაზა უკრაინას დახმარება. ჩვენ მივიღეთ ისლანდიაში უკრაინიდან დევნილი ხალხი. ჩვენ გავიაზრეთ ამ პროცესში, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ,“ - განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.  

ზურაბიშვილი: ისლანდია და საქართველო ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ, ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში, სადაც აგრესორი უნდა დამარცხდეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში, მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა. ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და მისი მრავალფეროვანი ასპექტები განიხილეს. პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრის ერთ - ერთი მთავარი საკითხი იყო ასევე მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. „ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მრავალფეროვანი ასპექტები. ის გლობალური გამოწვევები, რაც არსებობს კლიმატის ცვლილებების კუთხით და ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ ასპექტში, ეს არის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრს მივიღოთ, გავიზიაროთ ამ კუთხით თქვენი გამოცდილება და ტექნოლოგიების გაცვლა მოხდეს ამ კუთხით, რამეთუ თქვენ და თქვენი ქვეყანა დიდი ხანია ამაში არის ჩართული. პატარა ქვეყნებისთვის და ჩვენი ორი ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნება არის ფასდაუდებელი საგანძური, რასაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება, ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს და მას გამოყენება სჭირდება. მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება იყო ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. პრეზიდენტი საქართველოში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მოხარული ვარ, რომ ვიზიტის დროს საქართველოს და ისლანდიის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ ამ შესაძლებლობების სიღრმისეულად განხილვას და იმედი მაქვს კონკრეტული ერთობლივი მიზნების დასახვის. ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში და მნიშვნელოვანია, საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა, ჩვენ გასულ წელს განვიცადეთ ორი დიდი ტრაგედია და დღეს უკვე ვიცით, რომ აუცილებელია სწრაფი რეაგირება ამ დარგში იყოს სხვანაირად მოფიქრებული და ახლო პარტნიორების ყველა გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობები და მზად ვართ, რომ ამ ორი ხალხის და ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით ვეცადოთ ვნახოთ გზები მეტი ურთიერთგაცვლა რომ მოხდეს ჩვენი კულტურის საგანძურების და ხალხთა შორის მეტი დაახლოება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისლანდია და საქართველო ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების განმტკიცების ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ - ევროპის მომავალი უკრაინაში წყდება, სადაც ომი აგრესორის დამარცხებით უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ისლანდიის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას პრეზიდენტებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმესი მდგომარეობასა და გამოწვევებზე, როგორიცაა, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში. ასევე განიიხილეს შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რეგიონისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის ემზადება. ეს პერიოდი ასევე და ზოგადად ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში, სადაც სასტიკი ომი უნდა დასრულდეს აგრესორის და აგრესიის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით. ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია თავის ჰუმანიტარული ასპექტებით და შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის სოლიდარობა ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ. ისლანდია, როგორც NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის კონსტიტუციით გამყარებული მიზანია NATO-ში ინტეგრაცია, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების შესახებ ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ. ერთად განვიხილეთ, ამ მხრივ, შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს. ვრცლად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და დღევანდელი სტრატეგიული გამოწვევა: ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც რუსეთი აცხადებს როგორც პროექტს და აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენს ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა იოანესმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის მძიმე სახეს და შედეგებს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ისლანდიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან: არ უნდა შევეგუოთ მსგავ სიტუაციას, გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. „ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისგან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია, როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შესახებ,“ წერს სამინისტრო. „ეს ამ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი ნაწილია და აქ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ; და ეს ყველას სურვილი უნდა იყოს. ჩემს დღევანდელ ვიზიტს შესაძლოა, გარკვეულწილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს და რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავი სიტუაციის არსებობას. გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს,“ - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ისლანდიაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მორიგი ვულკანური ამოფრქვევის გამო, სამხრეთ ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დეკემბრის შემდეგ ეს მეოთხე და ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა. ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა. BBC წერს, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანური აქტივობის წინა პერიოდი მე-13 საუკუნით თარიღდება, როდესაც ამოფრქვევები გაგრძელდა ათწლეულების განმავლობაში. ამჟამინდელი ამოფრქვევა 2021 წლის შემდეგ მეშვიდეა და მეცნიერები თვლიან, რომ ეს ტერიტორია ახალ ვულკანურ ეპოქაში შედის, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს ათწლეულების ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში.  

ისლანდია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 2 მლნ ევროს გამოყოფს

ისლანდია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში, ასევე უკრაინელი ქალი სამხედროებისთვის აღჭურვილობის შესაძენად, დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება ისლანდიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალა მთავარ როლს თამაშობს ბრძოლის ველზე, ამიტომ ისლანდია შეუერთდება სხვა მოკავშირეებს და შეიტანს დაახლოებით 2 მილიონი ევროს წვლილს 800 ათასი ჭურვის შესაძენად, რომელთა შეძენის შესაძლებლობა ჩეხეთმა მოიძია. გარდა ამისა, რეიკიავიკი დაახლოებით 500 ათას ევროს გამოყოფს უკრაინელი ქალი ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობის - ჯავშანტექნიკის, ფორმების, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად. ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.  

ისლანდიის პარლამენტმა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ისლანდიის პარლამენტმა (Althing) უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის (2024-2028 წლებში) შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. „უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერა არის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისლანდიისა და ევროპის წინაშე. საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას, რომელზეც ჩვენი უსაფრთხოება და ცხოვრების დონეა დაფუძნებული, საფრთხე ემუქრება,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის გილფადოტირმა. რეზოლუცია მიზნად ისახავს უკრაინაში დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, საზღვრების, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული დახმარებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მხარდაჭერას.  

"სად მივდივართ? - ევროპაში" - რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს ესტონელმა, ლიეტუველმა და ისლანდიელმა მინისტრებმა სცენიდან მიმართეს

ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენენ და დემონსტრანტებთან ერთად გაიარეს რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობამდე. მათ ადგილზე შეკრებილ მომიტინგეებს პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან სიტყვით მიმართეს. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი ქართველებისთვის. გამომსვლელმა აქციის მონაწილეებს მიმართეს: „თქვენ მარტო არ ხართ.“ "მე მინდა ქართველი ხალხისთვის ის მომავალი, სადაც გარანტირებულია ევროპული მომავალი. ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, მაგრამ ყველა ჩვენგანმა უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი..." - განაცხადა ლანდსბერგისმა და ქართულ ენაზე კითხვით მიმართა შეკრებილებს: "სად მივდივართ?" - კითხვით მიმართა მან შეკრებილებს, რაზეც უპასუხეს: "ევროპაში". მინისტრების გამოსვლის ბოლოს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აჟღერდა. რა გზავნილებით ჩამოვიდნენ საქართველოში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები  

რა გზავნილებით ჩამოვიდნენ საქართველოში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თბილისში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველომ აირჩია საკუთარი გზა ევროპისკენ, რასაც პარტნიორები მხარს უჭერენ, თუმცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს ქვეყნის ვალდებულებებსაც. „ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს მესიჯი ჩამოვიტანეთ როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა, გთხოვთ მოგვისმინეთ, ამის გამოსწორების გზები არსებობს,“ ამბობს მინისტრი. „სპეკულირება არ მინდა. კიდევ ერთხელ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მან საკუთარი გზა აირჩია ევროპისკენ, ევროკავშირისკენ. ასე რომ, ჩვენი ინტერესი ამაში საქართველოს ინტერესს ემთხვევა, ვინაიდან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინას, ალბანეთს, სხვა ქვეყნებს ევროკავშირისკენ გზაზე. გვჯერა, რომ ეს ყველა ქვეყნის უფლებაა. თუმცა, ასევე, ვალდებულებებია. ვალდებულებები სამართლებრივი - სასამართლო სისტემის მხრივ, ძალიან ბევრი პრაქტიკული და რთული რამ არის გასაკეთებელი. ამ კანონის, ამ კანონპროექტის შემთხვევაში, თუ როგორ იყო ის მიღებული. ასევე, იმ მხრივ, თუ როგორ ეპყრობოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს - დაშინება, დაკავებები და ასე შემდეგ - ეს ნორმალური არ არის. ეს იყო ჩვენი მესიჯი. ასე რომ, უკან დაბრუნდით, გაარკვიეთ როგორ უნდა მიაღწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს ამ პრაქტიკული ნაბიჯების მეშვეობით. ვითარება სერიოზულია და ძალიან ღია ვიყავით, მაგრამ ძალიან თავშეკავებულები. ასე რომ, რაც დახურულ კარს მიღმა განვიხილეთ - დახურულს კარს მიღმა რჩება. კიდევ ერთხელ, ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს არის მესიჯი, რომელიც ჩამოვიტანეთ, როგორც მეგობრებმა, როგორც პარტნიორებმა, როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა. გთხოვთ მოგვისმინეთ და ამის გამოსწორების გზები არსებობს,” - განაცხადა ბრაჟემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თბილისში, ევროპელ კოლეგებთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა.“ „ჩვენ აქ იმის შესახებ ლექციების წასაკითხად არ ჩამოვსულვართ, თუ რა ან რა არ უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. იმიტომ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამისთვის არჩევნები ტარდება და მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი მომავალი. ჩვენ აქ როგორც ნამდვილი მეგობრები ისე ჩამოვედით და არა ადვოკატირებისთვის, არამედ მხოლოდ ფაქტების გასაჟღერებლად. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიშია და, სამწუხაროდ, შუაში ყოფნის არჩევანი არ არის. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში ჩააგდო, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვიყოთ თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარეს და ეს არის არჩევანი. მე დღეს აქ ვარ, რადგან ესტონეთს საქართველო როგორც ისტორიულად, ისე, დღესაც ადარდებს. ჩვენ ქართველი ხალხი გვადარდებს, ჩვენ ისტორიულად საუკეთესო მეგობრები ვართ და თქვენ ეს იცით. ჩვენ საქართველოს და მის რეფორმებს ათწლეულების განმავლობაში მხარს ვუჭერთ და გიზიარებთ იმ შეხედულებას, რომ დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს საუკეთესო გარანტია ევროკავშირში გაწევრიანებაა. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებს და ყველაფერს, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს. ეს კანონი სიმბოლოა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის. ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ეს უკან შემობრუნებაა, რომელზეც ევროკავშირს რეაქცია აუცილებლად ექნება. ევროკავშირში ინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, როდესაც რეფორმებს ახორციელებ, სარგებელს იღებ, როგორც უვიზო მიმოსვლა ან ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობაა. როდესაც საქართველო ამ გზაზე უკან დაიხევს, თქვენ ამ ყველაფერს დაკარგავთ და ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევებთან და რეპრესიებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ, ევროკავშირი სანქციებს დააწესებს. მაგრამ ჩვენ ქართველ ხალხს ვარწმუნებთ, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია. ეს პრინციპული არჩევანია და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორი მომავალი სურთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებს, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეაფერხებს საქართველოს პროგრესს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და „წარსული მიღწევები ერთი ხელის მოსმით შეიძლება განადგურდეს. ის ასევე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. „ჩვენი აქ ჩამოსვლის პირველი მზიანი არის გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველას მიმართულებით, ვინც იბრძვის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნას მიტაცებული ვინმეს მიერ.  ჩვენი მეორე მიზანია ძალიან ცხადი გზავნილის გაჟღერება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, პარლამენტშიც და მთავრობაშიც - რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს. საქართველომ უკვე ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე და არასდროს ყოფილა ამდენად ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნასთან, როგორც ამას გასული წლის დეკემბერში მიუახლოვდა, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ ის გაითვალისწინებდა დარჩენილ რეკომენდაციებს,“ ამბობს ლანდსბერგისი. 15 მაისს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ისლანდიელ, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ლანდსბერგისმა განაცხადა: „ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები, როგორც ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე და ადარდებთ თქვენი ევროპული მომავალი.“ მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი ამბების გარეკანებზე მოხვდა, ვინაიდან ხელისუფლებამ უკან დააბრუნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ და გამოიყენეს ძალადობრივი აქტები დემონსტრანტების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. „მაგრამ ასევე ვნახეთ გამძლეობა, რაც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ძალადობის და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დააფიქსირეს თავიანთი ერთგულება ევროპული მისწრაფებებისადმი. თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები იყენებენ ამ შეზღუდვას ძალის კონსოლიდირებისთვის,“ - აღნიშნა მან. მისი განცხადებით, საგარეო მინისტრების ვიზიტს ორი მთავარი ამოცანა აქვს: „გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ვინაიდან საქართველო იბრძვის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისათვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნეს არავის მიერ ხელყოფილი. გავუგზავნოთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას, - თუ საქართველო ამ გზაზე გააგრძელებს სვლას, ამას ექნება შედეგები.“ გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი მიღწევა აქვს საქართველოს, რაც 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებით დაგვირგვინდა, - და არსებობს რეკომენდაციები, რისი შესრულებაც ევალება ქვეყანას. „თუმცა წარსული მიღწევები ერთი ხელის მოსმით შეიძლება იქნას განადგურებული. ცალსახად მინდა გითხრათ: კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს პროგრესს შეაფერხებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ლიეტიველმა დიპლომატმა. ლანდსბერგისის თქმით, თუ ეს მოხდა, პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. „მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან განცხადება, რომ ვეტოს დადება იგეგმება. ამ კანონის გამოწვევა შეიძლება მოხდეს და არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რაიმე კოსმეტიკური ჩასწორება არსებული კანონპროექტისა გამოასწორებს მის სახეს, ვინაიდან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლების ცნობით. „თქვენ ვერ გაალამაზებთ რაღაცას, რაც არის ჩვენი ღირებულებების საწინააღმდეგო. საქართველო მიეკუთვნება ევროპას. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა სტრასბურგში თავის განცხადებაში, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი,“ - ასე დაასრულა ლანდსბერგისმა სიტყვა ორბელიანების სასახლეში. „მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად,“ განაცხადა თავის მხრივ, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირიმ. მისი თქმით, დღეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოვიდა სოლიდარობის გამოსახატად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. „მე წარმოვადგენ პატარა სახელმწიფოს, რომელიც ყოველდღე სარგებლობს იმ ღირებულებების დაცულობის ბენეფიტებით, რომლებსაც ემუქრება აღნიშნული კანონმდებლობა და რასაც ის სინამდვილეში გულისხმობს. მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ჩვენ ეს საკუთარი გამოცდილებით ვისწავლეთ და გვხვდა იმის ბედნიერება, გვემუშავა ბალტიის ქვეყნებთან და უშუალოდ გვენახა მათმა მოგზაურობამ როგორ მოიტანა კეთილდღეობა მათ საზოგადოებაში. ჩვენ ეს მოგზაურობა დავიწყეთ საქართველოს, მისი ლიდერებისა და მისი ხალხისადმი პატივისცემით. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ საქართველო მივიჩნიოთ იმ სამყაროს ნაწილად, რომელიც გამოდის თავისუფლებებისა და უფლებებისთვის, რასაც თავს ესხმის რუსეთი და რაც არის ასახული საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის მხარდაჭერაში, რომლებიც მხარს უჭერენ ტრანსატლანტიკურ გზას,“ - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად.“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპელ მინისტრებთან ისაუბრა შემდგომ ნაბიჯებზე და მათ გარკვევით აუხსნა, რომ „არავითარ შემთხვევაში“ ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“ დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს კანონი არის წარსულსა და ევროკავშირისკენ გზას შორის არჩევანის სიმბოლოა. ლიეტუველმა მინისტრმა კი, აღნიშნა, რომ ეს კანონი გააჩუმებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხმას იმაღლებს ხელისუფლების წინაშე. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს მათ გზავნილს, რომ უკან წაიღოს შემოთავაზებული კანონი. „ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენნაირი ქვეყნები - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია - ჩვენ შეიძლება, ევროკავშირში შევსულიყავით ისეთი კანონები რომ გვქონოდა, რომლებიც ახლა საქართველოში განიხილება. ასე რომ, ჩვენი მესიჯი ძალიან ნათელია: ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ, გზა არ არსებობს, და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას. იმედი მაქვს, რომ მთავრობამ მესიჯი გაიგო. ჯერ კიდევ აქვთ შანსი უბრალოდ გაუშვან ეს კანონი იმავენაირად, როგორც ეს 2023 წელს გააკეთეს, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ. მერე დასხდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, და ჩვენ მზად ვართ. ვიმუშაოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწევისთვის,” - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და აღნიშნა, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან. მიინსტრებმა ხაზი გაუსვეს ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას. „თუ ერთ მხარეს სურს დემოკრატიული საქართველო და მეორე მხარეს განსხვავებული რამ, ასეთ პირობებში კომპრომისი არ მოხდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ თუ საქართველოს სურს, დარჩეს ევროპულ გზაზე, ერთი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები,“ უპასუხა ლანდსბერგისმა მედიის შეკითხვას. „მათ ასევე უპასუხეს შეკითხვას „გლობალური პარტიის“ შესახებ. „ხუმრობა არ არის, ვინაიდან, სერიოზული რამეა და კრემლის ნარატივია. კრემლის ნარატივია და აქ ამაზე დებატებიც კი ისეთი რამეა, რისი გაკეთებაც არ გვსურს, ვინაიდან, ეს ყალბი ნარატივია." ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტრმა კი განაცხადა: „არ მგონია, რაიმე სარგებელი ჰქონდეს ამაზე [გლობალური ომის პარტიაზე], რომ რამე ვრცლად ვთქვა. მართლა არ შემიძლია კომენტარის გაკეთება. და, ვფიქრობ, ეს თავისთავად პასუხია.“ კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც. „ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ,” განაცხადა თბილისში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელუს ლანდსბერგისმა.