სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მზადაა, 7-9 მარტის აქციების მონაწილე სტუდენტებს შეხვდეს. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ მოექცა, ან ხელისუფლების მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო", - აცხადებს იოსელიანი.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდო.