პარლამენტი პოლიტიკური ჯგუფებისთვის წიგნების დარიგებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებით, სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.

„განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.

პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია.

ადრესატებში განსაზღვრული იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.

საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტში ანტიამერიკული შინაარსის წიგნი  - „ლუციფერის მხილება“ დარიგდა.

„ლელოს“ აპარატის ხელმძღვანელმა ლანა გალდავამ განაცხადა, რომ წიგნი პარლამენტის აპარატმა დაარიგა და ის ოპოზიციონერ დეპუტატებს გადაეცა.

მისივე ინფორმაციით, წიგნზე წერია, რომ ის გამიზნულია პარლამენტარების, სასულიერო პირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი.