საქართველოს პროკურატურის ცნობით, დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ხუთი ფაქტი გამოავლინეს. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 5 პირს წარედგინა.
"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს.
აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 815 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 180 807 ლარის ზიანი მიაყენეს.
დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ.
ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.",- ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღემდე, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 63 პირის მიმართ და სახელმწიფოს 2 102 636 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.