გერმანიის ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი 2023 წლის 22-24 მარტს საქართველოს ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, დელეგაციაში იქნებიან თაბეა რიოსნერი (კავშირი 90/ მწვანეები), ნიკო ტიპელტი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია), გიოქაი აქბულუთი (მემარცხენეები) და ფალკო დროსმანი (სოციალ-დემოკრატიული პარტია).
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.
დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მრავალი წლის განმავლობაში არსებული კარგი საპარლამენტო ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება, ხოლო მთავარი სასაუბრო თემები იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხები, შიდა და გარე პოლიტიკა, ასევე ევროპული პოლიტიკის მიმართულებები.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრები ისაუბრებენ განვითარების, სოციალური და საზოგადოებრივი პოლიტიკის თემებზე და ღია ფორმატში განიხილავენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების საკითხებს.
ვიზიტის მიზანი არის ასევე დეპუტატებთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავება, ადგილზე ინფორმაციის მიღება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.