საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ამილახვარი აღნიშნავს, 2023 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ – რაც გულისხმობს, რომ თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ექნება.
„21 მარტს ტრადიციულად ვუერთდებით მსოფლიო ინიციატივას და აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, რომელიც 2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. 2023 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ – რაც გულისხმობს, რომ თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ექნება, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჩართულობით არის შესაძლებელი. სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მნიშვნელობას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის შესაძლებლობა“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.