პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი დაფინანსების წყარო და მიზნები გამოაქვეყნონ. ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების ინიციატივაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას ამერიკული FARA-ს ევროპული ანალოგი.
„გამჭვირვალობის საკითხზე გარკვეული დამოკიდებულება არსებობს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს განსხვავებული პოზიცია ევროკავშირის ქვეყნებისგან, მაგრამ ვინაიდან, ამ თემამ სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია, კანონპროექტები უკან გავიწვიეთ, მაგრამ აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი დაფინანსების წყარო და მიზნები გამოაქვეყნონ, როცა ამ თანხას იყენებენ. ეს იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია და ეს ღია უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.