Bloomberg: უნგრეთმა პუტინის დაპატიმრების ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება დაბლოკა

უნგრეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება დაბლოკა, იტყობინება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრნობით.

„ბუდაპეშტის ვეტო ნიშნავდა, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა, სანაცვლოდ, საკუთარი სახელით გაავრცელა განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.“, - წერს გამოცემა.

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 18 მარტს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერია გაცემა, საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

ბორელის თქმით, დაკავების ორდერის გაცემა „მხოლოდ დასაწყისია“.

„ეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.