პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ, ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ბატონ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ხსენებული დანაშაულებისთვის და რომ მან ეს ქმედებები ჩაიდინა თავად, სხვებთან ერთად და/ან სხვების მეშვეობით (მუხლი 25(3)) და რომ ვერ შეძლო, სათანადოდ გაეკონტროლებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ან დაუშვეს მათი ჩადენა და რომლებიც მისი ეფექტური ხელმძღვანელობისა და კონტროლს ქვეშ იმყოფებოდნენ (მუხლი 28 (ბ))“, - ეს ამონარიდია 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) მიერ გავრცელებული ცნობებიდან, რომლებიც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემას ასახავს.
- Europetime-მა საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით მოამზადა მასალა იმის შესახებ, თუ რატომ წარმოიშვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოსთვის; რა სახის საქმეებს აწარმოებს სასამართლო; რომელია ის ქვეყნები, სადაც ომის განმავლობაში და დაკავების ორდერის გაცემამდე პუტინს უმოგზაურია და რომელ ქვეყანას შეეძლო მისი დაპატიმრება; ასევე, ვინ არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც სასამართლომ ბრალი წაუყენა.
რას აკეთებს ჰააგის სასამართლო
ICC „უკანასკნელი ინსტანციის სასამართლოდ“ მიიჩნევა, სადაც 18 მოსამართლე ცხრაწლიანი ვადით მსახურობს. ის განიხილავს ოთხი სახის დანაშაულს: გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, აგრესიის დანაშაულები და ომის დანაშაულები.
გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოსთვის წარმოიშვა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს, ჰააგაში მდებარეობს - შეიქმნა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ცნობილია, როგორც რომის სტატუტი. რომის სტატუტი რატიფიცირებულია 123 სახელმწიფოს მიერ. რუსეთის ფედერაცია არ არის ICC-ის წევრი სახელმწიფო.
მან 2016 წელს გაიწვია 16 წლით ადრე სტატუტზე გაკეთებული ხელმოწერა. რომის სტატუტი 1998 წლის 17 ივლისს დიპლომატიურ კონფერენციაზე გაეროს 123 ქვეყანამ მიიღო. საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია 2003 წლის 5 სექტემბერს მოახდინა. შესაბამისად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე.
- კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი წერს, რომ ქართველი მოსამართლე, გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც 2021 წლიდან არის ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლე, შესაძლოა, მონაწილე გახდეს პუტინის გასამართლების საქმის არსებითი განხილვისა.
რა სახის საქმეებს აწარმოებს სასამართლო და რა მაგალითები არსებობს?
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 2019 წლის 6 მაისს დაადგინა, რომ იორდანიამ ვერ შეასრულა თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები (არ დააპატიმრა, რედ.) იმ დროს, როდესაც 2017 წელს, სუდანის მაშინდელი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, იორდანიაში ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ Human Rights Watch-ი აცხადებდა.
ICC-ის სააპელაციო პალატამ განაცხადა, რომ მოქმედ სახელმწიფოს მეთაურს არ იცავს იმუნიტეტი სავარაუდო მძიმე დანაშაულისგან მაშინაც კი, როდესაც ლიდერი არის ქვეყნიდან, რომელიც არ შეერთებია ICC-ს. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ომარ ალ ბაშირის დაკავების ორდერი 2010 წელს გასცა. მას დარფურში შიდაეთნიკური კონფლიქტის დროს გენოციდში სდებდნენ ბრალს.
განახლება: ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფზე ასევე გაიცა დაკავების ორდერი 2011 წლის ივნისში. ლიბიაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. დაკავების ორდერის გაცემიდან რამდენიმე თვეში მუამარ კადაფი მოკლეს.
ასევე არის პრეცედენტი, როდესაც სასამართლომ პირველი განაჩენი, 2012 წლის მარტში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მილიციის ლიდერის, თომას ლუბანგას წინააღმდეგ გამოიტანა. მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია კოტ-დ'ივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო, რომელსაც 2011 წელს ბრალი წაუყენეს მკვლელობაში, გაუპატიურებასა და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებში, დევნასა და „სხვა არაადამიანურ ქმედებებში“. 2019 წლის 15 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ლორან გბაგბო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებისაგან გაათავისუფლა.
ამასთან, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდება კენიის პრეზიდენტს უჰურუ კენიატასაც წაუყენეს. კერძოდ, მას 2007-08 წლებში არჩევნების შემდგომ ეთნიკურ ძალადობასთან დაკავშირებით (რომლის დროსაც დაიღუპა 1200 ადამიანი), 2011 წელს წაუყენეს ბრალი და 2014 წლის დეკემბერში მოუხსნეს.
ინფორმაციისთვის, კაცობრიობის წინაშე არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი ისე გარდაიცვალა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო. მილოჩევიში 2006 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.
პუტინის შესაძლო დაპატიმრება
თავად ICC ვერ დააპატიმრებს ვლადიმერ პუტინს - ეს იმ ქვეყნების გადასაწყვეტია, რომლებმაც ხელი მოაწერეს სასამართლოსთან შეთანხმებას, სახელწოდებით - რომის სტატუტი.
სასამართლო პროცესებს დაუსწრებლად არ ატარებს, ამიტომ პუტინი ან რუსეთმა უნდა გადასცეს (რაც არ არის მოსალოდნელი), ან რუსეთის ფარგლებს გარეთ დააკავონ.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 2022 წლის მარტში დაიწყო.
ქვეყნები, სადაც პუტინს ბოლო პერიოდში უმოგზაურია
ორდერის გამოცემადე პუტინი შემდეგ ქვეყნებს სტუმრობდა:
ივნისი: ტაჯიკეთი, თურქმენეთი
ივლისი: ირანი
სექტემბერი: უზბეკეთი
ოქტომბერი: ყაზახეთი
ნოემბერი: სომხეთი
დეკემბერი: ყირგიზეთი, ბელორუსი
მათგან მხოლოდ ტაჯიკეთია რომის წესდების მხარე
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადგილი, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ჩავიდა, ირანის გარდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრული ან ასოცირებული წევრი და პოსტსაბჭოთა ჯგუფია, რომელზეც რუსეთს აქვს გავლენა.
რატომ არ არის აშშ რომის სტატუსის მონაწილე
მოლაპარაკებების დროს აშშ ამტკიცებდა, რომ მისი ჯარისკაცები შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული ან არასერიოზული დევნის საგანი გახდნენ.
პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საბოლოოდ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, მაგრამ დოკუმენტის რატიფიცირება კონგრესს არ მოუხდენია.
ბუშის ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს სუვერენიტეტის ნებისმიერ შელახვას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში. აშშ-ს არარსებობა წესდებაში, სასამართლოს დაფინანსებას სხვებისთვის აძვირებს. იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ყველაზე დიდ კონტრიბუტორებს შორის არიან.
მომზადებულია CNN-ის და BBC-ის მიხედვით