საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო და არის საინტერესო.
„ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ყველა პოლიტიკოსის, დეპუტატის ხედვა და მოსაზრება. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში მათ მოსაზრებებს. არის მოსაზრებები, რომელიც საფუძველს მოკლებულია და არანაირი საფუძველი არ არის, რომ მოვისმინოთ მსგავსი განცხადებები, თუმცა, პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო.
ის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა კანონპროექტს, რომლის დღის წესრიგიდან მოხსნა სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც საქმე დეპოლარიზაციას ეხება. ამ მხრივ ეს ნაბიჯი არის პასუხი, რომ საქართველოს სახელისუფლებო გუნდი ყოველთვის ყურადღებით უსმენს პარტნიორების მოსაზრებებს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში, მედიასთან საუბრისას.
მინისტრის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის პირველი ნაწილი ევროკომისიაში შეხვედრებს, მეორე ნაწილი კი NATO-საქართველოს კომისიის სხდომას მოიცავს.