ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახური აცხადებს, რომ სამუშაო ლანჩი ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა, სადაც მთავრობის ხელმძღვანელი მიიწვიეს.

„შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს. საუბარი შეეხო პარლამენტისა და მთავრობის მიერ შესრულებულ 12 რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განისაზღვრა.

ასევე, შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს. აგრეთვე განიხილეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ხაზი გაესვა, რომ ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას“, - აღნიშნავს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

მის მიერვე გავრცელებული ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ოქტომბრამდე გადადგამს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს გასაჯაროვდა.