ენტონი ბლინკენის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სჯერა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მალე მოაწერონ ხელი. ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ბლინკენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, არსებობს ასეთი შესაძლებლობა.

ბლინკენმა განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. ასევე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი 20 მარტს გამართეს და სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემაც განიხილეს.

ენტონი ბლინკენმა ერევანს დაუდასტურა, რომ აშშ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს.

„მდივანმა ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დამყარების მიზნით და აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად ომის გზა არ არსებობს“, - ნათქვამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ბლიკენმა გაიმეორა მოწოდება ლაჩინის დერეფანში ბლოკადის მოხსნაზე და ამ პროცესში თანადგომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ცნობისთვის, ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც სომხებით დასახლებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონს სომხეთთან აკავშირებს.

აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის გზის გადაკეტვის შემდეგ, მთიან ყარაბაღს მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობა შეეზღუდა. ასევე გამოწვევად იქცა სურსათით მომარაგების საკითხი.