არ მინდა, სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს რაიმე ტიპის ქმედება, რამაც შეიძლება, მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმოს - იოსელიანი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ არ სურს მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.

„რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას, არ ვიცი განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. როგორც ვიცი, სახალხო დამცველმა პოზიცია დააფიქსირა, რომ ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რომელმაც შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს. სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა - თუ სად მოხდება, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს შეიძლება, მათ შორის განხილული იყოს", - განაცხადა იოსელიანმა.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.