დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს: არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პრესკონფერენცია, რასაც წინ უძღოდა შეხვედრა როგორც გაფართოებულ, ისე პირისპირ ფორმატში. ანალენა ბერბოკი და ილია დარჩიაშვილი ახლა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ.

გერმანიამ საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა გაიხსენა თბილისში რამდენიმე კვირის წინ გამართული აქციები და ხაზი გაუსვა, თუ როგორ ფრიალდებდა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები.

ბერბოკის შეფასებით, საქართველო არის ევროკავშირი: „ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“.

თავის მხრივ, მინისტრმა დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს“. 

„ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა მხარდამჭერი გზავნილებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არამხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.