დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა გერმანული მედიის წარმომადგენლის კითხვას, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობასა და რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ დაწყებულ საუბრებს შეეხებოდა.

მინისტრ დარჩიაშვილის თმით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო მის პარტნიორებთან ერთად რუსულ მხარეს ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ესაუბრება.

„ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომუნიკაცია და სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ მთავარ მიმართულებაზე, ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ეხება მოქალაქეებს და მეორე, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოგვცეს კონკრეტული შედეგები", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა 22 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან.

ეს განცხადება მან გააკეთა ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის სახელწოდებაც იყო „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.

უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას.

აშშ-ის გამოხმაურება

Europtime იყო პირველი გამოცემა, რომელთანაც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ თემაზე ისაუბრა.

Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მმართველი პარტიის რეაქცია

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს მიესალმება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება და რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაც რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

„ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია რუსეთმა დაუწესა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუადვილდებათ მიმოსვლა საქართველოში. ეს იყო თავის დროზეც ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამას კონსულტაციები არ სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ


ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა 20 იანვარს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.