საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა დღეს ოძისის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას უმასპინძლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ.
მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენენ „ბორდერიზაციის“ მიმდინარე ქმედებები და საოკუპაციო ხაზის გასვწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე.
მისიის ინფორმაციით, კარაბალისმა განმარტა, რომ მისია მხარს უჭერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას აღდგომის დამდეგ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით და განაგრძობს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივად ფუნქციონირების აღდგენის მხარდაჭერას.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.
გერმანიას ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, მისიაში მომუშავე გერმანიის 28 მოქალაქის სახით.