პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრემიერს მასთან კომუნიკაცია არ სურს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ აქვს.

პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტს, შესაძლოა, ბერკეტები არ ჰქონდეს, მაგრამ მისი არგუმენტების მოსმენა საჭირო იყოს.

პრემიერს სურს თუ არა მასთან კომუნიკაცია, ზურაბიშვილი ამ შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ - არა.

„ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა.

არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს.

ღონისძიებებზე კი, როგორ არა ზრდილობიანად... მაგრამ საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს კითხვებზე. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომ არის ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული და რა არის პრეზიდენტის არგუმენტები, რომელმაც სხვანაირად იცის, რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. პრეზიდენტს ბერკეტები შეიძლება, არ ჰქონდეს, მაგრამ საჭირო იყოს მისი არგუმენტების მოსმენა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.