„არ უნდა ვკმაყოფილდებოდეთ იმ სარწმუნოებით, რაც გვაქვს, არამედ სულ უნდა ვზრუნავდეთ, გავიძლიეროთ ეს სარწმუნოება“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი.
- „უშრომელად არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში კარგი და დიადი, მით უმეტეს, შრომისა და ღვაწლის გარეშე შეუძლებელია სულის გადარჩენა. უფალი ამ შრომას აკურთხებს და შეგვეწევა ამ შრომისა და ღვაწლის გზაზე". „ჩვენ ყველას გვაკლია რწმენა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით, მთები გადაგვედგა, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, თუ გვექნებოდა მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ასეთი რწმენა და ამიტომ, უფალს უნდა ვევედროთ ამ რწმენის გაძლიერებისთვის“.
„წმინდა მამების სწავლებით, ლოცვას აქვს ორი მხარე, როგორც ორი ფრთა. ერთი არის მარხვა, ანუ თავშეკავება, იმიტომ, რომ შეუძლებელია შენ რაიმე სთხოვო ღმერთს ადამიანმა, თუ ადამიანთა კრებულმა და არ ეცადო ცოდვების გამოსწორებას, განაგრძობდე ისევ ცოდვის ჩადენას. შეუძლებელია, რომ შენი ლოცვა იყოს წარმატებული ამ შემთხვევაში. და ასევე მეორე მხარე არის მოწყალება, ლმობიერება.
თუ გინდა, რომ შენი ლოცვა შეისმინოს უფალმა, აუცილებლად უნდა გამოიჩინო ქმედითი სიყვარული ადამიანებისადმი, სიყვარული, ლმობიერება, თანაგრძნობა. აი, ეს ორი ფრთა არის ლოცვის, თუ გვინდა, რომ ჩვენი ლოცვა იყოს წარმატებული.
მაგრამ ხშირად ვხედავთ, რომ წარუმატებელია ჩვენი სულიერი ცხოვრება, ჩვენი ლოცვაც, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ გვაკლია ეს ყველაფერი. თავს არ ვიკავებთ ჩვენ ცოდვებისგან, ვნებებისგან, გაღიზიანებისგან, განკითხვისგან, მრისხანებისგან და სხვა ვნებებისგან, გვაკლია ასევე სიყვარულიც, ლმობიერებაც და სარწმუნოებაც, როგორც მოგახსენეთ.
ამიტომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, გაგვიძლიეროს ეს სარწმუნოება და ეს რწმენაც უნდა ვთხოვოთ უფალს. და, საერთოდ, უნდა ჩვევაში შემოვიღოთ, რომ ღმერთს ყველაფერი ვთხოვოთ, ვინაიდან ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამაა ჩვენი შემოქმედი, მას უხარია ჩვენთან კავშირი, ჩვენთან ურთიერთობა, როდესაც ჩვენ ღმერთს მივმართავთ, ისიც ხარობს, მზად არის, დაგვეხმაროს და შეგვეწიოს თავისი სიყვარულით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უშვებს ხოლმე უფალი ჩვენზე გარკვეულ განსაცდელებს, მძიმე გარემოებებს, აი, როგორც ამ სახარებისეულ კაცს შეემთხვა; მისი შვილი დაავადდა, მძიმედ ეშმაკეული გახდა, ბავშვობიდან სჭირს ესო, ხომ თქვა ამ კაცმა.
უშვებს ზოგჯერ უფალი, ამასაც თავისი სიყვარულით აკეთებს, ჩვენივე სულის გადარჩენისთვის აკეთებს, იმისთვის, რომ ადამიანი მოაქციოს თავისკენ, რათა ადამიანმა გაიხსენოს, რომ ყველაფრით დამოკიდებულია ღმერთზე, რომ მიაპყროს თავისი მზერა ღმერთს. ხშირად ამ განსაცდელებით ხდება ხოლმე ეს ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ამის გარეშე, ღმერთთან ამ კავშირის გარეშე, იმის გააზრების გარეშე, რომ ყველაფერი მისგან არის და მასზეა დამოკიდებული, არანაირი სულიერი ცხოვრება, სულის ცხონება და გადარჩენა არ ხდება.
აი, დაახლოებით, როგორც ბავშვებს ვეპყრობით ხოლმე, როგორც მოსიყვარულე მშობლები, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებსაც სჭირდებათ ცოტა უფრო მეტი სიმკაცრე, არა? თუ არ შეისმენენ მშობლების შეგონებას, თუ მაინც ისე იქცევიან, რომ მშობელი ხედავს, რომ იგი დაღუპვის გზაზეა, გონიერი და მოსიყვარულე მშობელი აუცილებლად მიმართავს გარკვეულ სიმკაცრეს, რაღაცას მოაკლებს, დააკლებს, აუკრძალავს, თავის შვილს, ზოგჯერ უფრო კიდევ მკაცრ ზომებსაც მიმართავს ამ შვილისვე სასარგებლოდ.
სხვათა შორის, მშვენივრად ესმით ხოლმე ეს ბავშვებს. თუ ეს კეთდება ბრძნულად, სიყვარულით, არა უხეშობით, არა სიხისტითა და სისასტიკით, ყოველთვის ბავშვი ამას გრძნობს და ასწორებს და მერე მთელი ცხოვრება მადლიერი რჩება“, - განაცხადა მეუფე შიომ.