მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში პრიზის გადაცემა იგივეა, რომ ბრეივიკი დააჯილდოონ - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემა ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფაა.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის აღნიშნული პრიზის გადაცემა იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ნორვეგიაში, არაერთი ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ბრეივიკი დააჯილდოოს.

„საშინელი ჯოჯოხეთური რეალობაა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. ამ ფონზე სააკაშვილი ნორვეგიის რომელიღაცა ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული შედეგებისთვის რაღაცით დააჯილდოვეს. ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე. ჩემთვის იგივეა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.