ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.
- რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები კლინიკის მენეჯმენტის გადაყენებას ითხოვენ
- რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ღარიბაშვილი
„ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, იქ შეუძლებელია, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება. ამიტომ, სამედიცინო პერსონალს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში, იმავე პოზიციებზე, იგივე შემოსავლით და თუ ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, იმ პერიოდისთვის გავაგრძელებთ იმავე სახელფასო ანაზღაურების გადახდას. რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას, მოგეხსენებათ, რომ ნაწილის დემონტაჟია აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს შენობა არის 70-იანი წლების დასაწყისში აშენებული. დავტოვებთ ამ შენობის მხოლოდ შედარებით ახალ ნაწილს, სადაც განთავსდება ექიმების ნაწილისა და ადმინისტრაციული პერსონალის კაბინეტები, ხოლო იმ დარჩენილი შენობის მიმდებარედ აშენდება ახალი კლინიკა, რომელიც იქნება იმ სტანდარტების და შესაბამისობის, რაც 2025 წლიდან ყველა კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს.
შენობას ეტაპობრივად უტარდებოდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, კოვიდის პერიოდშიც ჩატარდა კიდევ ერთხელ სარემონტო სამუშაოები და იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ეს შენობა მუდმივი რემონტის რეჟიმში შევინარჩუნოთ და თან დავაკმაყოფილოთ ხარისხისა და ინფექციის კონტროლის ის სტანდარტები, რასაც ჩვენ თვითონ სხვა კლინიკებს ვთხოვთ, აქედან გამომდინარე, ამის აუცილებლობა დადგა“,- განაცხადა აზარაშვილმა.