პოლონეთში საქართველოს ახალმა ელჩმა დიანა ჟღენტმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას.
შესაბამისი პოსტი დიანა ჟღენტმა Twitter-ზე განათავსა.
"მზად ვარ, ვიმუშაო პოლონელ პარტნიორებთან ერთად ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების მიზნით", - წერს საქართველოს ელჩი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 28 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დიანა ჟღენტი, რომელიც 2004 წელს შეუერთდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.