ბულგარეთი, დიდი ალბათობით, უკრაინას უზარმაზარ საბრძოლო მასალას მიჰყიდის შუამავლების მეშვეობით, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ომზე, განუცხადა ტელეარხ BTV-სთან ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბოიკო ნოევმა.
მისი თქმით, ბულგარეთი 175 მილიონი ევროს ღირებულების ძველ საბრძოლო მასალას გადასცემს სახელმწიფო სამხედრო ქარხანას VMZ-ს და სანაცვლოდ მიიღებს ახალ საბრძოლო მასალას.
ყოფილი მინისტრის თქმით, ბულგარეთს აქვს საბჭოთა სტანდარტების საბრძოლო მასალის მარაგი, რომელიც უკრაინის არმიას სჭირდება.
EURACTIV-ის გამომძიებელი ჟურანლისტების ცნობით, ბულგარეთის მიერ მილიარდობით ევროს ღირებულების იარაღის კიევისთვის მიწოდება არ შეწყვეტილა, მიუხედავად სოფიის ხელისუფლების ოფიციალური მტკიცებისა.
კერძოდ, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი საჯაროდ გამოვიდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. თუ ბულგარეთი საბრძოლო მასალას ჯარიდან სამხედრო ქარხანაში გადასცემს და შემდეგ შუამავლების მეშვეობით უკრაინაში მიაწოდებს, რადევს შეუძლია, განაგრძოს თავის მხარდამჭერებს უთხრას, რომ სოფია არ ეხმარება უკრაინას, წერს Euroactiv.
ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელმაც არ დაადასტურა მონაწილეობა ევროკავშირის გეგმაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას გულისხმობს.