საგარეო უწყებამ ნორვეგიის ელჩი დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე გაიმართა.

უწყებაში აღინიშნა, რომ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

„როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.

მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა, მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას“, - წერია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოში ნორვეგიის ელჩის, ჰელენ სანდ ანდერსენის კომენტარი ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა, რომლის თანახმად, ნორვეგიის საელჩო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გაეცნენ. მისი თქმით, ჯილდოს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო, ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველწლიურად გასცემს და ის არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს.

„დავამატებ, რომ გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, - აღნიშნული იყო ელჩის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.