სახალხო დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავონ.
ლევან იოსელიანის თქმით, სავარაუდო სექსუალური ძალადობის და შევიწროების საქმეებზე ომბუდსმენის აპარატში შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს.
„რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური ძალადობის და შევიწროების საქმეებს, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ამაზე განცხადება და შესაბამის პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას, რა გამოიკვეთება, რა დადგინდება და რა მტკიცებულებებს მოგვაწვდიან. ყველა შემთხვევაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისში შემოვიდა, მიმდინარეობს მოკვლევა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
ჩვენ ბრალეულობის საკითხს არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ შესაძლო შევიწროების საკითხს, ბრალეულობის საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას, რომ მათი ჩვენებები და განცხადებები რაღაც ტიპის უნდობლობას იწვევს, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა მედიასთან.