იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიზანმიმართულად არ სურს, რომ გამოჯანმრთელდეს.
„ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და პაციენტზე ზრუნვის ინტერესი. ამ კლინიკის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სრული შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საკვები და შესაბამისი რაციონი, მაგრამ ამაზე მიზანმიმართულად უარს ამბობს.
სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არიან პოლიტიკურად მიკერძოებული და დაკავშირებული სააკაშვილთან, ისინი არათუ ხელს უწყობენ, რომ ამ ადამიანმა საკვები მიიღოს, არამედ ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ჯანსაღი აზრი, კონკრეტული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის კომპეტენტური აზრი, რომელიც ამბობს, რომ ამ ადამიანს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, იქნება ეს თხევადი თუ სხვა ფორმით, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს. ამას ჰქვია თვითდაზიანება განზრახ და მიზანმიმართულად. ერთადერთი, რაც მან უნდა გააკეთოს, საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ საკვები მიიღოს. ხელისუფლება ვალდებულია, რომ პატიმრის უფლება დაიცვას და მას შესაბამისი სერვისი შესთავაზოს, სახელმწიფოს მხრიდან ეს შესაძლებლობა არსებობს და ახლა უკვე დარჩენილია მისი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი მიზანმიმართულად არ დააზიანოს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.