ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების განახლებული დარბაზი გაიხსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების დარბაზი, რომელსაც პოლონური წარმოშობის ცნობილი მხატვრის უნიკალური მხატვრობა ამშვენებს, უკვე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ცნობით, პოლონელი რესტავრატორების დახმარებით მთლიანად აღდგა მეოცე საუკუნის დასაწყისის მოხატულობა და დიზაინი.

„უნიკალური მხატვრობის ავთენტური სახით აღდგენა და დაცვა დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსთან და მაღალ პროფესიონალიზმთანაა დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინათ, პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით, მხატვრობის საკმაოდ დიდი ნაწილი აღდგა. დღეს აქ პოლონური სამკითხველო დარბაზი ფუნქციონირებს“, - აღწერს ეროვნული ბიბლიოთეკა დარბაზის მოწყობის ისტორიას.

ჰენრიჰ ჰრინევსკის მოხატულია ქაშვეთის ტაძრის ერთი ნაწილი, ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი კორპუსის დარბაზი. ჰენრიკ ჰრინევსკის ორნამენტების ინსპირაცია
ტაო-კლარჯეთის ძეგლების მოხატულობა იქცა. ცნობილია, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს, ფრესკები დაზიანდა და შენობის ეს ნაწილი დაილუქა.

2017 წელს, საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას სტუმრობის დროს მოხდა შეთანხმება, რომ ფრესკები და უნიკალური დარბაზი აღდგებოდა.

2018 წელს დარბაზის გახსნას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შიმონ შინკოვსკი ველ სენკი, უცხოეთში პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ინსტიტუტ „პოლონიკას" დირექტორი, დოროტა იანიშევსკა-იაკუბიაკი და პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე, მარეკ კუხცინსკი დაესწრნენ. 

სარესტავრაციო სამუშაო პოლონეთის მთავრობამ და პოლონელი სპეციალისტებმა ჩაატარეს.

ინფორმაციისთვის, ჰენრიჰ ჰრინევსკი საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დაიბადა.