რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება - პრეზიდენტი პარლამენტში

„რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისვალება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება. საგარეო მიმართულებით, გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე. 2012 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია.

2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი. ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“. 2021 წელს კი, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განცახადს გააკეთებდა. ამ ევროპულ გზას მმართველი პარტია ერთხმად „ჩვენ ცივილიზაციურ არჩევანს“ უწოდებდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა და ამ ფონზე დასვა შეკითხვა - „რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისვალება“.

„ამიტომ არ შემიძლია, ახლა არ გითხრათ, სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაქუმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესრული.

„თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას.
„ქართული ოცნებიდან“ ნელნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს.

დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე.


თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. 2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.