"თუ გვინდა დავამარცხოთ და შევარჩიოთ პანდემია, ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, - ამის შეახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო 2 კვირაა პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა, გლობალურად ყოველდღიური ახალი შემთხვევები იკლებს. თუ ბოლო თვეებში ეს მაჩვენებელი 800 ათასს აჭარბებდა, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირების 400-500 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. მან ასევე ვაქცინაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„101 მილიონი ადამიანია უკვე აცრილი და ამ 101 მილიონი აცრიდან არცერთი სიკვდილი არ არის, როდესაც 104 მილიონი ინფიცირებულიდან 2, 260 000 სამწუხაროდ გარდაიცვალა. 2,1-2,2 არის გარდაცვალების პროცენტი. აქედან, მთავარი გზავნილი, რომ თუ გვინდა დავამარცხოთ და შევარჩიოთ პანდემია, ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მოსახლეობას გაუჩნდა ილუზია, რომ ვირუსი დავამარცხეთ. როდესაც ერთგვარი შიშის ელემენტი არსებობდა, დეკემბერ-იანვარში პირბადის ტარების 72%-ზე ავედით.
"მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კვლავ იქნება პირბადის ტარება. როგორც კი დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, ხალხს გაუჩნდა ილუზია, რომ ვირუსი უკვე დავამარცხეთ. როდესაც ერთგვარი შიშის ელემენტი არსებობდა, დეკემბერ-იანვარში პირბადის ტარების 72%-ზე ავედით. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა. უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე დიდხანს დაგვჭირდება, აუცილებლად ვატაროთ პირბადე შინ და გარეთ", - განაცხადა გამყრელიძემ.
ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, რომ თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყება მოსახელობის ვაქცინაცია, მარტში შემოვა ვაქცინის შედარებით უფრო დიდი პარტიები და ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში გადავა. თუმცა, მისი თქმით, პირბადე მაინც რჩება დაავადების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად.
ამირან გამყრელიძემ ასევე განმარტა, სავარაუდოდ როდის დაუბრუნდება საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
"როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70% და ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შესაძლებელია იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ირბადის ხმარება და შესაბამისად სხვა შეზღუდვების მოხსნა, რასაც ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ვუწოდებთ, ამას ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება. მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს" - განაცხადა გამყრელიძემ.