სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს კიევის სვლას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ.
ჩეხეთის, ბელგიის, მონტენეგროს, ლიეტუვის, პოლონეთის, იტალიის, ლატვიის და ისლანდიის შემდეგ, სლოვენია მეცხრე ქვეყანაა, რომელიც ხელს აწერს მსგავსი შინაარსის დეკლარაციას.
სლოვაკეთის, სლოვენიის და ხორვატიის პრემიერები და მოლდოვის პრეზიდენტი დღეს უკრაინაში ჩავიდნენ ბუჩის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით. ისინი ზელენსკისთან ერთად ჩავიდნენ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის „სიმბოლოდ“ მიჩნეულ ქალაქში.
ბუჩა, კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც რუსულმა ჯარებმ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში დაიკავეს. მისი გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს და ათასობით ომის დანაშაული დააფიქსირეს. უკრაინული მხარის ცნობი, ბუჩაში 33 დღის განმავლობაში ოკუპაციის დროს რუსეთის ძალების მიერ ჩადენილია ომის 9000-ზე მეტი დანაშაული.
ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.