რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

Human Rights Watch-ის მკვლევრებმა, რომლებიც ბუჩაში, 4-დან 10 აპრილამდე მუშაობდნენ (რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა დატოვეს ტერიტორია), სიკვდილით დასჯის, მკვლელობების, ხალხის გატაცების, წამების მტკიცებულებები იპოვეს.

Human Rights Watch-მა პირადად გამოკითხა ბუჩის 32 მცხოვრები და სხვა, 5 ადამიანი - ტელეფონით, მათ შორის დაზარალებულები და მოწმეები, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, მორგის თანამშრომლები, ექიმები, მედდა და ადგილობრივი ოფიციალური პირები. Human Rights Watch-მა ასევე დააფიქსირა და გააანალიზა ქალაქში არსებული მტკიცებულებები, მოწმეების და მსხვერპლის მიერ მოწოდებული ფოტოები და ვიდეოები, სატელიტური სურათები.

ბუჩის მთავარმა რეგიონულმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ Human Rights Watch-ს 15 აპრილს განუცხადა, რომ 278 ცხედარი იპოვეს ქალაქში რუსული ძალების გაყვანის შემდეგ, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო და მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება. კონფლიქტამდე ბუჩას დაახლოებით 36 000 მოსახლე ჰყავდა.

უკრაინის მონაცემებით, 31 მარტს, რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, ბუჩაში სულ 278 ცხედარი იპოვეს. მათგან უმეტესობა სამოქალაქო პირია.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.