სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ახალი მოადგილეები: ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან.
ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.
ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება.
„როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 7 მარტს დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.
გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ამ პოსტების დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.