საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს, სალომე სამადაშვილს, ანა ნაცვლიშვილს და ხათუნა სამნიძეს ცალ-ცალკე შეხვდა. ამ ინფორმაციას „ტვპირველი“ ავრცელებს. ტელეკომპანიასთან ეს ინფორმაცია რესპოდენტებმაც დაადასტურეს.
„შეხვედრა ნამდვილად გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სადაც ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება, რომ დღეს საზოგადოებამ გადადგას ევროპული მომავლის გადასარჩენად იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის ძალიან აშკარა პოზიცია, რაც საჯაროდ დაფიქსირდა, რომ დღეს საფრთხეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის ხელისუფლება, რომელიც უგულვებელყოფს ევროკავშირის მოთხოვნებს. ამიტომ, ცხდია ჩვენი მხრიდან დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ მივიღოთ მონაწილეობა. მე მქონდა ეს შეხვედრა. დანარჩენს ალბათ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - ამბობს „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი.
„სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე - იქნება ეს კანონმდებლობა, თუ საზოგადოებრივი პროცესები, მე მაქვს პერიოდულად პრეზიდენტთან მის ადმინისტრაციასთან. მაქვს საქმიანი კომუნიკაცია, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, თავად პრეზიდენტთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, როდესაც ან მე ვთვლი ან პრეზიდენტი თვილის, რომ საინტერესო იქნებოდა ასეთი შეხვედრა“, - განაცხადა ამავე პოლიტიკური გაერთიანების წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
კომენტარი გააკეთა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემაც.
„პრეზიდენტი აქ იყო შეხვედრაზე და მეც შევხვდი მას, მაგრამ რა თემაზე და როგორ, მე მგონია, რომ პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს თავად. ქალები სერიოზულ მოძრაობას ვეწევით პარლამენტში და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებითაც ქალები ვიაქტიურებთ მომავალშიც, აუცილებლად“.