იენს სტოლტენბერგი: საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში, ამიტომ ვაძლიერებთ მზადყოფნას

„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ არამხოლოდ ვხედავდით რუსეთის სამხედრო ძალის ზრდას ჩრდილოეთში, ფინეთის და შვედეთის მახლობლად, არამედ ვხედავთ რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის სურვილს, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

სტოლტენბერგმა უპასუხა Associated Press-ის შეკითხვას რუსეთის განცხადების შესახებ, რომ მოსკოვი ფინეთის გარშემო თავის ყოფნას გააძლიერებს.

სიტყვის დასაწყისში სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან ფინეთი ოფიციალურად შეუერთდება NATO-ს. შესაბამისი ღონისძიება საღამოს არის დაგეგმილი. მანამდე მოკავშირეები უკრაინისადმი მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

„საქართველო 2008 წელს, შემდეგ, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გასულ წელს. ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ NATO-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება წარედგინათ NATO-ში წევრობის განაცხადი.

ეს აჩვენებს, რომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით უნდოდა ნაკლები NATO მის საზღვრებთან, რომ დაეხურა NATO-ს კარი ახალი წევრებისთვის ევროპაში, მან მიიღო სრულიად საპირისპირო. ის იღებს მეტ მზადყოფნას, მეტ ჯარისკაცს ხმელეთზე, ჰაერში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და იღებს მეტ წევრს, ფინეთს დღეს და მალე ასევე შვედეთს“, – განაცხადა iიენს სტოლტენბერგმა.