საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზაციის დაარსების 74-ე წლისთავს მიეძღვნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართველებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიზანი.
„ეს არის სტრატეგიული ხედვა და გარანტია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა NATO-ს გაფართოების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ხელი შეუწყო როგორც თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ინდივიდუალური თავისუფლების განმტკიცებას, ისე ახალი წევრი ქვეყნების გაძლიერებას.
„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა NATO-სთვის, რადგან კიდევ ერთ, ოცდამეთერთმეტე წევრს, ფინეთს მიესალმებიან ალიანსში. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანი დღეა ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ნორდიკული უსაფრთხოებისთვის და მთლიანად NATO-სთვის“.
მოკავშირეები ასევე შეთანხმებული არიან რომ, შვედეთის გაწევრიანების პროცესიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. საქართველო მიესალმება ალიანსის ამ გადაწყვეტილებებს, რაც კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატო ყოველთვის ასრულებს მიღებულ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე.
„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა ევრო-ატლანტიკურ ერთობაში თავისი ადგილის მოსაპოვებლად გამოიარა განუზომელია. იმ ქართველი ჯარისკაცების ღვაწლი რომლებმაც საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას თავი შესწირეს, კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით აქ მყოფი საზოგადოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ NATO-ს დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.