პარლამენტმა „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 83 ხმით დაამტკიცა

პარლამენტმა დღეს „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 83 ხმით დაამტკიცა.

ცვლილებები მიზნად ისახავს ქართულ კანონმდებლობაში ანტიდოპინგური რეგულაციების ასახვას. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა. 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გააცნო.

„სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებით, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა.

ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად კანონმდებლობითა და კომპეტენტური ორგანოების, ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შედეგების განხორციელება, მათ შორის შეუწყვიტონ სპორტსმენს ან სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში.