თბილისი რაც არის ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეის მონაცემებით დედაქალაქში დაახლოებით 580 ათასიდან 600 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება.
„ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კონკრეტულად კერძო ავტომობილით გადაადგილება დედაქალაქში. თბილისი რაც არის ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია.
ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდი დისკომფორტი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება პრობლემა, ვთქვათ დღეს ერთი კონკრეტული ქუჩა გააფართოვე და დღეს არსებული ავტომობილების ნაკადი გადაადგილდება, ხვალ და ზეგ, როდესაც ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება და აუცილებლად გაიზრდება, მერე რას ვშვრებით? რას ვუშვებით უკვე ამ გაფართოებულ ქუჩებს, სადაც უკვე დამატებული ნაკადები ვეღარ დაეტევა. მერე რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? რა უნდა გავაკეთოთ? ამაზე თუ უფიქრია საერთოდ ვინმეს? ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, ამას ალტერნატივა არ აქვს.
ევროპაში მოსახლეობის 70%-ს ავტომობილი ჰყავს და კვირაში 5 ან მეტი დღე გადაადგილდება ავტომობილების მფლობელების მხოლოდ 12%-ი. 70%-ს ავტომობილი ჰყავს და მხოლოდ 12%-ი 5 დღის განმავლობაში კერძო ავტომობილს იყენებს. თბილისში, მოსახლეობის მხოლოდ 45%-ი კერძო ავტომობილს ფლობს და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ გაიზრდება. მოსახლეობის 45%-დან 97%-ი იყენებს კერძო ავტომობილს 5 დღის განმავლობაში, ნახეთ რამხელა სხვაობაა და რამხელა მაჩვენებლებია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, - განაცხადა კალაძემ.