საქართველოს შს მინისტრი უნგრეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უწყების ცნობითვე, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და უნგრეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გამახვილდა, რომელიც მოიცავს როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს.

„უნგრეთის რესპუბლიკის ელჩმა ვახტანგ გომელაურს უნგრეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, შანდორ პინტერის ოფიციალური მიწვევა გადასცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და განმტკიცებას ხელს შეუწყობს.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩს უნგრეთის მხარის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებლობა მიეცემა, თავისი უნგრელი კოლეგის მიწვევის საპასუხოდ, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთის რესპუბლიკას ეწვიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.