ჯიმ რიში: დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელი.

„დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისასალმებელია. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილების მხარდაჭერას, გადავიდნენ უფრო დემოკრატიულ და გამჭვირვალე მომავალზე”, - წერს ჯიმ რიში.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.