ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გარდა, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები, მათ შორის 76-ე და 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიები უტევენ.
ამერიკელი ექსპერტები საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების და სხვა მასალების ანალიზს ეყრდნობიან და აცხადებენ, რომ რუსი მედესანტეები ბახმუტზე შეტევისთვის იყენებენ თერმობარულ საარტილერიო სისტემებს TOS-1A.
თერმობარულ იარაღს "ვაკუუმურ ბომბსაც“ უწოდებენ და მაღალი ტემპერატურის აფეთქებას იწვევს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ბახმუტის რაიონში ამ ძალების გამოყენება რუსეთს გადამწყვეტ უპირატესობას არ მისცემს.
ამერიკელი ექსპერტების თანახმად, 5 აპრილს, რუსეთის ძალებმა ბახმუტის რაიონში წინ წაიწიეს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებებით.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
„სიტუაცია ბახმუტში რთული რჩება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 5 აპრილს განაცხადა.
რაც შეეხება სამხედროების ბახმუტიდან გაყვანის შესაძლებლობას, უკრაინის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ჩვენი სამხედროები“, - განაცხადა ზელენსკიმ ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან შეხვედრის დროს.
„და რა თქმა უნდა, თუ იქნება კიდევ უფრო ინტენსიური მოვლენები და საშიშროება, რომ პერსონალი დავკარგოთ...გენერლის მიერ მიიღება შესაბამისი სწორი გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ ამაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აქვე დაამატა, რომ უკრაინის მოკავშირეებისგან საბრძოლო მასალის მიწოდება გააძლიერებს თავდაცვას.
იქ ყველაზე მეტი იარაღი და არტილერია გამოიყენება. იქ ძალიან, ძალიან რთული მდგომარეობაა. და ყოველდღიურად არის დეფიციტი. ჩვენ გვაქვს არტილერია, შემდეგ გვაქვს საკმარისი ჭურვები ჩვენს მხარეს, შემდეგ გვაქვს ნაკლები. ეს ხდება ყოველ ჯერზე. დღეს ჩვენ გვაქვს წარმატებები ბახმუტის ზოგიერთ რაიონში, წინ მივდივართ, ან არა და ისევ უკან ვიხევთ ჩვენს პოზიციებზე. თუმცა, ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი ბახმუტს არ აკონტროლებს. ასეთი სიტუაციაა დღეს“. - განაცხადა ზელენსკიმ.