ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, უილიამ კორტნის შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირება გაფრთხილებად მიაჩნია, ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ მკვლევარი განმარტავს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ კორუფციული ქმედებების გაგრძელებამ შესაძლოა, გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი სადამსჯელო ზომა ამერიკის მხრიდან:
„სანქციები [როგორც წესი] მიიღება იმ ქვეყნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცნობილნი არიან კორუფციით და ვისაც დაძაბული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. ეს მოულოდნელი სანქცია ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიული კლებისა და იმ რეფორმების უკუსვლის მასშტაბს, რომლებმაც კორუფცია შეამცირა. ამ გაუარესებამ საქართველო ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა და ჩააყენა პოზიციაში, როცა ქვეყანა შეიძლება, უფრო მოწყვლადი იყოს მტაცებელი სახელმწიფოების წნეხის მიმართ“, - აცხადებს კორტნი ამერიკის ხმასთან.
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ამერიკაში შესვლა აეკრძალა ოთხ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს. ესენი არიან:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ლევან მურუსიძე;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, უვადოდ დანიშნული მოსამართლე - მიხეილ ჩინჩალაძე.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის - ჩინჩალაძის - მოადგილე, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი - ირაკლი შენგელია.
- ყოფილი მოსამართლე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი - ვალერიან ცერცვაძე.