მეთიუ ბრაიზა მოსამართლეების სანქცირებაზე: უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, როგორც ჩანს, ეს გაფრთხილებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროს მუშაობდა ამ თანამდებობაზე და ხშირად უწევდა საქართველოში მივლინებით ყოფნა, Europetime-თან ამბობს, რომ სანქციები უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. შტატების მიერ მოსამართლეებისთვის დაწესებულ ვიზის აკრძალვას ის გამაოგნებელს უწოდებს.
 
„სახელმწიფო დეპარტამენტის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან „მნიშვნელოვან" კორუფციულ საქმიანობაში, რამაც გამოიწვია, ვიზის აკრძალვა,  უპრეცედენტო მოვლენაა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. ეს სიტუაცია ზუსტად ასახავს აშშ-ის მთავრობის შეხედულებას, რომ ამ ადამიანებმა ძირი გამოუთხარეს საქართველოს სასამართლო სისტემას, რაც ასუსტებს დემოკრატიას ქვეყანაში, ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს შესაძლებლობას, განიხილებოდეს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით პარტნიორად.
 
როგორც ჩანს, ეს არის გაფრთხილება, რომ თბილისს აღარ შეეძლება, მოახდინოს საქართველოს NATO-ში საბოლოოს გაწევრიანების მიზნებთან მიმართებით აშშ-ის მხარდაჭერის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც გზა, გააქარწყლოს ვაშინგტონის კრიტიკა დემოკრატიის უკანდახევასთან დაკაშირებით, ისევე როგორც მისი რბილი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.

ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.