დენიელ ფრიდი: აშშ მზადაა, დამატებითი ნაბიჯები გადადგას

ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე დიპლომატი, ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება გაფრთხილებაა იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზულად იღებს ამ პრობლემას შეერთებული შტატები და რომ ქვეყანა არც შემდგომი ზომების გატარებას მოერიდება.

„ეს არის როგორც საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ისე გაფრთხილება, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე და მზადაა, დამატებითი ნაბიჯები გადადგას. საქართველოს მთავრობა აჩვენებს სისუსტესა და შიშს რუსეთის მიმართ მაშინ, როცა იუცხოებს მის უძლიერეს მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რთული გასაგებია, როგორ აწინაურებს ეს საქართველოს ინტერესებს“, - ამბობს დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ .


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.